უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ოცნების მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არაა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების მიერ მომზადებულ პროექტში, რომელიც მედიას პარტიის თავმჯფდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო, რუსეთი ნახსენები არაა. მისივე ცნობით, მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლომდე დაინიცირდება.

საპარლამეტო ოპოზიციის წარმომადგენლები მედიასთან განმარტავენ, რომ ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის ტექსტი შეცვალა და შეხვედრაზე, რომელიც დღეს მეორედ გაიმართა, თავდაპირველი ტექსტის ნაცვლად, შეცვლილი ვერსია წარადგინა, – "ამან აღარ მოგვცა საშუალება ვიყოთ თანაინიციატორები ამ კონკრეტული ვერსიის, რომელიც ოცნებამ წარმოადგინა". – ამბობს ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის წევრი ბადრი ჯაფარიძე.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ოპოზიციამ არ გაიზიარა და შესაბამისად, შეთანხმებაც ვერ შედგა, უცლელად გთავაზობთ.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ;

საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონული მშვიდობასა და უსაფრთხოებას.  

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.


საპარლამენტო ოპოზიციამ 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ დაასრულეს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობა, რომელსაც სესიაზე წარადგენენ. 

ოპოზიციის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში უნდა გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე საგარეო კომიტეტთან, სადაც მოწვეულები იქნებიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. მასში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულები უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრებიც. 

დეკანოიძის თქმითვე, აუცილებელია კონსულტაციების დაწყება პარლამენტში არსებული საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფთან და ასევე უახლოეს პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების კიევში ვიზიტი.

კომენტარები