აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

FOX: რუსეთი აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმისთვის ემზადება

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა აშშ-ს კრიტიკულ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმები განახორციელოს.
 
FOX News-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების დეპარტამენტი სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს კიბერთავდასხმისთვის მომზადებისკენ და ციფრული სისტემების დაცვისკენ მოუწოდებს.  

"კიბერშეტევები საფრთხეს უქმნის აშშ-ში არსებულ ყველა ორგანიზაციას. თავდასხმამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ძირითადი სერვისების მუშაობას, რაც პოტენციურ ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე". – ნათქვამია კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს გამაფრთხილებელ განცხადებაში.

გასულ წელს აშშ არაერთი მასშტაბური კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. რუსული ჰაკერული დაჯგუფების, REvil-ის JBS-ზე კიბერთავდასხმის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ხორცის წარმოება და მიწოდება მნიშვნელოვნად შეფერხდა. 

აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, Colonial Pipeline-ზე DarkSide-ის თავდასხმამ ქვეყანაში საწვავის მიწოდების შეფერხება და ენერგოპროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მილსადენზე განხორციელებული კიბერშეტევაც რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთი კონვენციური საბრძოლო ტაქტიკის პარალელურად ჰიბრიდული ომის მეთოდებსაც აქტიურად იყენებს. 2008 წელს საქართველო მასშტაბური კიბერთავდასხმის სამიზნეც გახდა, 2014 წელს კი რუსეთმა კოორდინირებული კიბერშეტევა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები