აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

ამერიკული მედია: აშშ-ს მილსადენმა ჰაკერებს $5 მილიონიანი გამოსასყიდი გადაუხადა

Getty Images

აშშ-ს უდიდესმა მილსადენმა, Colonial Pipeline-მა ჰაკერულ ჯგუფს DarkSide-ს კიბერთავდასხმის შემდეგ $5 მილიონიანი გამოსასყიდი გადაუხადა. ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Colonial Pipeline-ზე, აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს საწვავის 45%-ით ამარაგებს, კიბერშეტევა 7 მაისს განხორციელდა. რის შედეგადაც მილსადენის ოთხივე ძირითადი მილი გაჩერდა. ჰაკერების ჯგუფმა მილსადენის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია და ხელში თითქმის 100 GB-ის მოცულობის მონაცემები ჩაიგდო. მონაცემების ხელში ჩაგდების შემდეგ ჰაკერებმა ის დაშიფრეს და კომპანიისგან გამოსასყიდი მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპარული ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელებით დაიმუქრნენ.

გამოსასყიდის გადახდასთან დაკავშირებით Colonial Pipeline-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

მილსადენის გაჩერებამ საწვავის ფასის ზრდა გამოიწვია. კომპანიამ განაცხადა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენის შემდეგაც მიწოდების სრულად აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. საწვავის ფასმა 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ერთი გალონი საწვავის ფასი $3.008-მდე გაიზარდა.

საწვავის დანაკლისის შევსებისთვის, აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგანგებო განკარგულება გასცა. განკარგულება საწვავის გადამზიდ სატვირთო მანქანების მძღოლებს ზეგანაკვეთურ მუშაობის უფლებას აძლევს, რათა ხელი შეუწყოს საწვავის გადაზიდვის ალტერნატიულ საშუალებებს.

ჰაკერების ჯგუფი DarkSide-ი რუსეთის ტერიტორიიდან მოქმედებს. თუმცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ჰაკერებს რუსეთის ხელისუფლებასთან დააკავშირებდა.

"...ამ დროისთვის, არ არსებობს მტკიცებულება ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისგან, რომ რუსეთი ჩართულია, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ თავდამსხმელი რუსეთშია. მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა, გაუმკლავდნენ ამას". – თქვა ბაიდენმა. 

კომენტარები