აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

რუსეთში დააკავეს ჰაკერები, რომლებსაც აშშ კიბერშეტევებში ადანაშაულებს

Teiss

15 იანვარს მოსკოვის სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ჰაკერული დაჯგუფება REvil-ის 6 წევრს. დაკავებულები არიან არტიომ ზაეცი, დანილ პუზირევსკი, ალექსეი მალოზემოვი, დმიტრი კოროტაევი, რუსლან ხანსვიაროვი და მიხაილ გოლოვაჩუკი. მანამდე 14 იანვარს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა REvil-ის კიდევ ორ სავარაუდო წევრს, რომან მურომსკის და ანდრეი ბესონოვს.

რვავე დაკავებულს ანგარიშსწორების სახსრების არასამართლებრივ ბრუნვაში სდებენ ბრალს. სისხლის სამართლის ეს დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰაკერების დაკავების შესახებ ინფორმაცია 14 იანვარს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა გაავრცელა. უწყების თანახმად, ჰაკერების ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს სამართალდამცველი ორგანოებიდან მიმართვა მიიღო. ამერიკულმა მხარემ რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია დაჯგუფების ლიდერის და უცხოურ კომპანიებზე თავდასხმებთან მისი კავშირის შესახებ.

ფედერალური უშიშროების სამსახურის ცნობით, გაჩხრიკეს დაჯგუფების 14 წევრის ქონება და ამოიღეს 426 მილიონი რუბლი, 600 000 დოლარი, 500 000 ევრო, პრემიუმ კლასის 20 ავტომობილი, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და კრიპტოვალუტის საფულეები, რომლებიც დანაშაულების ჩადენისთვის გამოიყენებოდა.

REvil-ის ჰაკერები კიბერთავდასხმების დროს იყენებდნენ პროგრამებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის მონაცემებს შიფრავდა. შემდეგ კი დაჯგუფება კომპანიებისთვის საკუთარ მონაცემებზე წვდომის დასაბრუნებლად გამოსასყიდს ითხოვდა. აშშ-მ დაჯგუფება მსოფლიოში უმსხვილეს ხორცის მწარმოებელ კომპანია JBS-ზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ასევე თეთრი სახლი REvil-ს აშშ-ს უმსხვილეს მილსადენზე, Colonial Pipeline-ზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

კომენტარები