სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

პრემიერი: საგამოძიებოს და პირად მონაცემთა დაცვის უფროსთა კანდიდატებს პარლამენტს წარვუდგენ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად 2 საკონკურსო კომისია შეიქმნა. 

მისივე თქმით, კომისიის სხდომები დღეს, 24 იანვარს გაიმართება, რომელსაც თავადაც დაესწრება. 

"იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს მართმლსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდეს. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. უკვე ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად".- ამბობს ღარიბაშვილი. 


საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

კომენტარები