დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"მცირე შეჭრა" და "დიდი იაღლიში" – ბაიდენის გამოსვლის კრიტიკა

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი, 2021 წლის 16 ივნისი

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. 

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ პუტინს ორ მნიშვნელოვან საკითხზე სურდა შეთანხმება – პირველი უკრაინა არასდროს იქნება NATO-ს წევრი და მეორე, NATO-ს არ ექნება სტრატეგიული სამხედრო პუნქტი უკრაინაში. ბაიდენის თქმით, რუსეთის სამხედრო მოქმედებების მიხედვით,  უკანასკნელზე შეთანხმება შეიძლება. ხოლო, რაც შეეხება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მისი თქმით, ახლო მომავალში ამის შანსი მცირეა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პუტინი მძიმე ფასს გადაიხდის – "მას ისეთი სანქციები დაუწესდება, როგორიც არასდროს უნახავს". 

"ერთია მცირე შეჭრა, თუმცა, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება". – თქვა ჯო ბაიდენმა.

სწორედ "მცირე შეჭრისა" და "შეჭრის" ერთმანეთისგან განსხვავებას მოჰყვა მწვავე შეფასებები უკრაინის წარმომადგენლისგან. უკრაინის ოფიციალურმა პირმა CNN-ის კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაიდენის გამოსვლა, "მცირე შეჭრაზე" აქცენტით, პუტინისთვის უკრაინაში შეჭრაზე მწვანე შუქის ანთებას უდრის

მწვავე შეფასებების პასუხად თეთრმა სახლმა განმარტა, რომ რუსეთის მიერ ნებისმიერი სახის საზღვრის გადაკვეთა აღქმული იქნება, როგორც შეჭრა, რასაც ამერიკისა და მისი პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად უთხრა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, ეს განახლებული შეჭრაა და აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გამოცდილებით იცის, რომ სამხედრო მოქმედების გარდა რუსეთს აქვს აგრესიული მოქმედებების ფართო კრებული, ეს მოიცავს კიბერშეტევებს და ნახევრადსამხედრო ტაქტიკებს. მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიას გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი მოჰყვება". – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრისა" და "შეჭრის" გამიჯვნას.

"მინდა გავახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი". – წერს ზელენსკი.

ბაიდენის გამოსვლა მწვავედ შეაფასეს რესპუბლიკელმა სენატორებმა, კონგრესმენებმა, გუბერნატორებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. 

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც მიუთითებს, რომ [უკრაინაზე] რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მხოლოდ "მცირე შეჭრა" იყოს.  ეს საფრთხის არასწორი აღქმაა. უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც დიდი შეჭრა, რომელმაც შესაძლოა უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს". – წერს Twitter-ზე სენატორი რობ პორტმანი. 

"სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა "მცირე შეჭრის" ხსენებით მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინის დასაპყრობად.  აგრესიასთან შერიგება ყოველთვის განწირულია". – წერს  სენატორი ტომ ტილისი. 

"ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, რაც სიმართლეა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ "ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება რუსეთის მოქმედებებზე", რაც სიგიჟეა.  ანუ რა გამოდის, თუ ის უკრაინის მხოლოდ ნაწილს დაიკავებს ჩვენი პასუხი ნაკლებად მკაცრი იქნება, ვიდრე მაშინ, თუ ის მთლიან ტერიტორიას დაიპყრობს". – წერს  სენატორი მარკო რუბიო. 

"ჯო ბაიდენის უძლურებამ გაათამამა ვლადიმირ პუტინი და ახლა მან მწვანე შუქიც კი აუნთო უკრაინაში შეჭრისთვის". – წერს სენატორი ტომ კოტონი.

"არ არის სახუმარო. ეს ხდება, რადგან ბაიდენმა პუტინს მისცა მრავალმილიარდიანი მილსადენი (ნება დართო მას გაზი გაეტანა ბაზარზე უკრაინის გარეშე) და გასულ კვირას 44 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბაიდენის დანებებას რუსეთთან. სამარცხვინოა". – ასე პასუხობს სენატორი ტედ კრუზი ბაიდენის გამოსვლას.

14 იანვარს სენატმა ჩააგდო ტედ კრუზის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც გაზსადენის  ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ბიზნესში ჩართული კომპანიების სანქცირებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, მისი მიღებისთვის კი საჭირო 60 ხმა იყო. 

"ბაიდენმა პუტინს უკრაინაში შეჭრისთვის მწვანე შუქი აუნთო". – წერს სენატორი მარშა ბლექბერნი.

"ბაიდენის კომენტარი "მცირე შეჭრაზე" არა მხოლოდ სიმხდალის გამომხატველია, არამედ საფრთხის შემცველიცაა, რადგან ის პრაქტიკულად კონფლიქტს იწვევს უკრაინაში.

ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი ომის თავიდან არიდება უნდა იყოს, და არა კოფლიქტის გამწვავებაზე მწვანე შუქის ანთება". – წერს კონგრესმენი დენ კრენშოუ. 

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მწვანე შუქი აუნთო რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჯო ბაიდენი სუსტი და არაამერიკელი ლიდერია. ის პოსტისთვის შეუფერებელია.  კრიზისიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან კიდევ ერთი კრიზისი შექმნა". – წერს კონგრესმენი ელიზ სტეფანიკი. 

"წარმოიდგინეთ ხართ ვლადიმერ პუტინი და ფიქრობთ უკრაინის სრულ დაპყრობას. შემდეგ ისმენთ ქაოტურ პრესკონფერენციას, რომელიც ბაიდენის სუსტ ლიდერობას გაჩვენებთ. ბაიდენი პუტინს ამხნევებს და ეს სამარცხვინოა". – წერს სამხრეთ კაროლაინის გუბერნატორი ნიკი ჰაილი. 

ბაიდენის გამოსვლას ასევე გამოეხმაურა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. 

"ვშიშობ ბაიდენის ეს რიტორიკა დაარწმუნებს პუტინს, რომ მას შეიძლება შერჩეს აგრესია და წაახალისებს ჩვენს მოწინააღმდეგებს, რომ გაჰყვნენ პუტინის გზა. რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას". – წერს Twitter-ზე კომიტეტი. 

ბაიდენის გამოსვლა შეაფასა თეთრი სახლის ყოფილმა პრესსპიკერმა კეილი მაკინანმა. 

"ბაიდენი ამბობს, ვერავინ ვერ მოახდენს გავლენას პუტინის გადაწყვეტილებაზე შევიდეს უკრაინაში.  მაპატიეთ, მაგრამ რაა???  წარსულს ჩაბარდა სტრატეგიული თავდაცვითა და ძლიერებით მიღწეული მშვიდობის დღეები". – წერს მაკინანი.

კრიტიკის გამო საკუთარი ნათქვამის  დააზუსტება ჯო ბაიდენსაც მოუხდა. მისი განმარტებით, ერთი ქვედანაყოფის მიერ საზღვარის გადაკვეთაც კი შეჭრად იქნება აღქმული. 

"მე აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს. მისთვის ყველაფერი გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან შეჯგუფებული ნებისმიერი – ნებისმიერი – რუსული ქვედანაყოფი საზღვარს გადაკვეთს, ეს არის შეჭრა. შეჭრას მოყვება მკაცრი და კოორდინირებული პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს". – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები