სოციალური აგენტები

მინისტრი სოც. აგენტებზე: მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ხელფასი ადეკვატურია

ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტების ხელფასი, მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაო დღიდან გამომდინარე, ადეკვატურია. ამის შესახებ აზაზრაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მათი [სოციალური აგენტების] ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის [...] ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ, რომ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი არის ადეკვატური". – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. მათ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს. სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი პროტესტს გააგრძელებს, რადგან ისინი არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შეთავაზებას.

სოციალური აგენტების გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. 14 იანვარს მათ ანაზღაურების 100%-ით მომატება მოითხოვეს.

კომენტარები