სოციალური აგენტები

სოც. აგენტები: არ ვეთანხმებით შემოთავაზებას, ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული ანაზღაურებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას და აცხადებენ, რომ 17 იანვირდან მაინც გაიფიციებიან.

"არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის. სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია. დამატებით კომენტარებს 17 იანვარს, დღისით, გაფიცვის პირველ დღეს, გავაკეთებთ!

ამასთანავე, არაკეთილსინდისიერია სააგენტოს მხრიდან იმის გავრცელება, რომ თითქოს ამ შემოთავაზებას მშრომელები დათანხმდნენ. მოლაპარაკებები არის ორმხრივი და ამას ერთი მხარე მეორის დაუკითხავად ვერ გადაწყვეტს!". – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაფიცვა 17 იანვრის 09:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 11:00 საათზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას აპროტესტებენ. 14 იანვარს მათ ანაზღაურების 100%-ით მომატება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სააგენტოს 390-მა თანამშრომელმა 17 იანვრიდან გაფიცვა დააანონსა.

კომენტარები