სოციალური აგენტები

"არის გარკვეული შემოთავაზებები, დათმობები" – სოც. აგენტები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

სოლიდარობის ქსელი / Facebook

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაია შეხვდნენ. სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების წარმომადგენელი იურისტის, დავით ომსარაშვილის თქმით, სამინისტროს მხრიდან გაფიცულთა ყველა მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, თუმცა არის გარკვეული დათმობები.

"ყველა ჩვენი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან, თუმცა არის გარკვეული შემოთავაზებები, არის გარკვეული ხედვები, არის გარკვეული დათმობები. ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ დასაქმებულებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღის ბოლომდე ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას". – თქვა ომსარაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვარს გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ანაზღაურების 100%-ით გაზრდას ითხოვენ.

16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 2021 წლის თებერვლიდან გაეზრდებათ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1 000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

საპასუხო განცხადება გამოაქვეყნეს სოციალურმა აგენტებმა – ისინი სამინისტროს შემოთავაზებას არ ეთანხმებიან და წერენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას ღირსეული ანაზღაურებისთვის.

კომენტარები