სოციალური აგენტები

გაფიცული სოციალური აგენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება

გაფიცული სოციალური აგენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების მატებაა. ასევე, სოციალური აგენტები ითხოვენ, აუნაზღაურდეთ ოაჯხამდე მისასვლელი ტრანსპორტის ხარჯი. 

"დღეს კანცელარიასთან იმიტომ მოვედით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არავინ გამოგვეხმაურა, არავინ არ ინება ჩვენთან შეხვედრა - არც ჩვენმა უშუალო დირექტორმა, არც მინისტრის მოადგილემ. დაგვტოვა აბსოლუტურად უყურადღებოდ, არ მოგვისმინა, ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ისევ დაუკმაყოფილებელია ჩვენი ბაზისური უფლებები, არანაირ გამოხმაურებას არ აკეთებენ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ჯანდაცვის დაზღვევაზე. ვითხოვთ გაუფასურებული ლარის კურსით 2007 წელს გაყინული ხელფასის 100%-იან ზრდას.". - ამბობს ერთ-ერთი სოციალური აგენტი ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში. 

როგორც ის ამბობს, ხელფასის 60%-იანი ზრდა მათთვის მისაღები არ არის, ასევე, სამინისტროს არ განუხილავს მათი მოთხოვნა ტრანსპორტის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ, სოციალური აგენტები ვართ გამომუშავებაზე და ჩვენი ხელზე ასაღები ფიქსირებული ნაწილი 320 ლარამდე გაიზრდება, 1 ოჯახის შემოწმებაშ მივიღებ 8 ლარს, მაგრამ ის 8 ლარი ვერ ყიდულობს იმას, რასაც 4.80 ყიდულლობდა, როცა 2013 წელს დამენიშნა. ტრანსპორტის ხარჯზე ხმა არ ისმის - მე სააგენტო ერთი ხელით მომცემს ხელფასს, მეორე ხელით ჯიბიდან ამომაცლის. ხელფასი არის შრომის ანაზღაურება, რომელიც უნდა მივიტანოთ ოჯახამდე". - ამბობს ის.  

16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 2021 წლის თებერვლიდან გაეზრდებათ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1 000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება. 

საპასუხო განცხადება გამოაქვეყნეს სოციალურმა აგენტებმა - ისინი სამინისტროს შემოტავაზებას არ ეთანხმებიან და წერენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას ღირსეული ანაზღაურებისთვის. 

კომენტარები