აშშ-რუსეთი

პრაისი: რუსეთი წლებია იჭრება, აღვივებს კონფლიქტს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში

ნედ პრაისი
AP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრასთან დაკავშირებით თქვა, რომ აშშ სკეპტიკურად უყურებს რუსეთის გამართლებას, რომ სამხედრო ძალები აქ წვრთნებისთვისაა თავმოყრილი და აღნიშნა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში აღვივებდა კონფლიქტებს სამეზობლოში – უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში.

"...[რუსეთი] არის ქვეყანა, რომელსაც აქვს გარკვეული ისტორია და არასწორი იქნება, ამ ისტორიაზე ყურადღება არ გავამახვილოთ. ამ დროისთვის სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის და რუსეთის მხარდაჭერილი ძალებია განთავსებული. ამ დროისთვის რუსეთმა ათასობით, თითქმის ასი ათას სამხედროს მოუყარა თავი უკრაინის საზღვრებთან და ეს შედარებით მოკლე დროში გააკეთა.

2014 წელს რუსეთი ის იყო ის, ვინც მოახდინა ყირიმის ანექსია, წამოიწყო ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს აქ კონფლიქტის გაღვივებას. რუსეთია ის, ვინც წლების განმავლობაში იჭრებოდა, იპყრობდა და აღვივებდა კონფლიქტებს სამეზობლოში და სხვაგან. სია გრძელია - ალბათ არ მაქვს დრო, ყველა ჩამოვთვალო - მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. რუსეთია ის, ვინც წლების განმავლობაში დემოკრატიულ არჩევნებში ერევა, მათ შორის ჩვენს არჩევნებში და რა თქმა უნდა, ეს არ შემოიფარგლება ჩვენი არჩევნებით. ისინი საკუთარი ტერიტორიის გარეთ იყენებ ქიმიურ იარაღს, ახორციელებენ კიბერთავდასხმებს, იყენებენ ენერგიას იარაღად.

ამიტომ უნდა გვაპატიოთ და გესმოდეთ ჩვენი სკეპტიკური განწყობა, როდესაც რუსეთისგან გვესმის, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია და შეშფოთებულები არ უნდა ვიყოთ. ეს გვესმის, მაგრამ ჩვენ დეესკალაციის ნიშნების ხილვა გვსურს და ამის ნიშანი ამ სამხედრო დანაყოფების მათი მუდმივი განთავსების ბაზებზე დაბრუნება იქნებოდა." – თქვა ნედ პრაისმა.

გუშინ, 10 იანვარს ჟენევაში უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოების შეჩერებასაც მოიცავს, რაც აშშ-სთვის მიუღებელია. აშშ არ აპირებს შეწყვიტოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა. 

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მიაჯახუნოს, რაც NATO-სთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო", – თქვა შერმანმა. 

"ჩვენ არ ვიტყვით უარს აშშ-სთან მუშაობის სურვილის მქონე სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე და ჩვენ არ მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე, გადაწყვეტილებებს ევროპაზე – ევროპის გარეშე,  გადაწყვეტილებებს NATO-ზე NATO-ს გარეშე", – დაამატა შერმანმა.

რუსულმა მხარემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ აშშ-ს არ სურს ვითარების გადაუდებელი მდგომარეობის დანახვა. რიაბკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ბოლო ვადა არ არსებობს, რუსეთი არაა მზად კვირები ან თვეები იცადოს. რუსული მხარის თქმით, მათ სურთ NATO-ს მხრიდან ნაბიჯების დანახვა და თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს მათსავე უსაფრთხოებას დააზიანებს. რიაბკოვის გაფრთხილებით, თუ მოლაპარაკებები სრულად ჩავარდება, რუსეთს სამხედრო-ტექნიკური პასუხი ექნება მზად, რაშიც სავარაუდოდ ევროპის საზღვრებთან ახლოს საშუალო მანძილის ბირთვულირაკეტების (INF) განლაგება იგულისხმება. 

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა შეთანხმება INF-ების განლაგებასთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. აშშ-მ ეს ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მათი ინფორმაციით, რუსეთი მის პუნქტებს არღვევდა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ. 

შერმანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს სხვა სახელმწიფოს საზღვრების ძალით შეცვლის უფლება და რუსეთს საზღვრებიდან ჯარის უკან გაყვანისკენ მოუწოდა. მან ასევე ახსენა, რომ მოლაპარაკებების დროს, ამერიკული მხარე მზად იყო სამხედრო წვრთნების ზომის შემცირების საკითხის რუსეთთან განხილვაზე.

შერმანმა შეხვედრაზე გამართულ დებატებს გულწრფელი და პირდაპირი უწოდა. რიაბკოვმა კი თქვა, რომ პროცესი რთული, მაგრამ პროფესიონალური იყო და აშშ მათ წინადადებებს სერიოზულად მიუდგა. რიაბკოვის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას NATO-ს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ეს შეხვედრაც ამ კვირაში, ბრიუსელში გაიმართება. 


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები