ვოლინის ხოცვა-ჟლეტა

'УПА-ს ბანდიტებისთვის' პატივის მიგების გამო ნავროცკის ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევა სურს

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში, 19 დეკემბერი, 2025 წ.
Omar Marques/Getty Images

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – თეთრი არწივის ორდენის – ჩამორთმევას აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო დანაყოფს იმ დაჯგუფების სახელი დაარქვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ეთნიკური პოლონელების ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ უკრაინა, მენტალიტეტის თვალსაზრისით – უკრაინის მეამბოხეთა არმიიდან (УПА) ბანდიტებისა და მკვლელების განდიდებით – არ არის მზად, ევროპული ოჯახის წევრი იყოს." – აღნიშნა ნავროცკიმ 29 მაისს. 

"[...] რადგან ევროპულ ოჯახში არ შეიძლება ბანდიტების განდიდება, [რომლებმაც] ქალები და ბავშვები დახოცეს და პოლონელებს კლავდნენ." – დაამატა მან და განაცხადა, რომ ზელენსკისთვის ორდენის ჩამოსართმევად პროცესს დაიწყებს. 

თუმცა, პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებით სარგებელს მხოლოდ რუსეთი მიიღებს. ცნობისთვის, ნავროცკის წინამორბედმა, ანდჟეი დუდამ უკრაინის პრეზიდენტი თეთრი არწივის ორდენით 2023 წელს დააჯილდოვა. 

ნავროცკის თქმით, ჯილდოების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს მომდევნო შეხვედრა 8 ივნისს არის დაგეგმილი, სადაც ის ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის საკითხსაც დააყენებს. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება საბოლოოდ მასზეა დამოკიდებული. 

27 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები ცენტრს "УПА-ს გმირების" პატივსაცემი სახელი დაარქვა. ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით" მიიღო. 

უკრაინის მეამბოხეთა არმია (УПА) პარტიზანული ფორმირება იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, დაჯგუფება ასევე პასუხისმგებელია "ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზეც," რასაც ათეულობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა. პოლონური მხარის შეფასებით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინა ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენამაც გააკრიტიკა, რომელმაც დაწერა, რომ ამ ნაბიჯით ზელენსკიმ მას და მოკლულ პოლონელ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"უკრაინის პრეზიდენტმა, УПА-ს ბანდიტებისთვის პატივის მიგებით, მე და ჩვენს მოკლულ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ მე გულ-მკერდიდან საჯაროდ უკრაინულ დროშას მოვიხსნი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ერისთვის მხარდაჭერას გავაგრძელებ. მე უარს ვამბობ პრეზიდენტი ზელენსკის მხარდაჭერაზე!" – დაწერა ვალენსამ Facebook-ზე 28 მაისს. 

კომენტარები