უზენაესი სასამართლო

პარლამენტმა ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე, ამირან ძაბუნიძე აირჩია. კანდიდატს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10 წინააღმდეგი იყო.

28 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ძაბუნიძის მოსმენისას მან თქვა, რომ უნივერსიტეტმა, რომელშიც სწავლობდა, აკრედიტაცია ვეღარ გაიარა.

"რა ღირდა უნივერსიტეტში სწავლა მართლა არ მახსოვს. სწავლა ფასიანი იყო. მდებარეობდა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე. 2 თუ 3 სართულიანი შენობა იყო. უნივერსიტეტი ბოლო სართულზე იყო ან შეიძლება ორივე სართულზე იყო, არ მახსოვს. შემდგომ განხორციელებული რეფორმების შედეგად, აკრედიტაცია ვეღარ გაიარა". – თქვა ძაბუნიძემ.

პირველ დეკემბერს პარლამენტმა უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 4 კანდიდატი უვადოდ დანიშნა. ოთხი კანდიდატის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელიც განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს 29 ნოემბერს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანმა თქვა, რომ პროცესის გაგრძელებით "ძალიან იმედგაცრუებული" არიან. მანამდე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელიც ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

კომენტარები