მოსამართლეების დანიშვნა

EU მოსამართლეებზე: საქართველოსთვის EU-ს დახმარება რეფორმების წინსვლაზეა დამოკიდებული

უზენაესი სასამართლოს მიერ 4 მოსამართლის არჩევას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირი.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სრული მხარდაჭერის მზადყოფნის მიუხედავად, მათი დახმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს თბილისი საკვანძო რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმების, წარმატებით გატარებას.

განცხადებაში წერია:

ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტმა  მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა  (ეუთო/ოდირი)  და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.   

ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას  მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც  მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა  და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ. 

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ  ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად  დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან  საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით. 

გუშინ, 1-ელ დეკემბერს  პარლამენტმა უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე, უვადოდ დანიშნა. 

მხარდაჭერისათვის მოსამართლეებს 76 ხმა სჭირდებოდათ. კანდიდატების წინააღმდეგ მხოლოდ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა.  

გენადი მაკარიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას 81 მომხრე და 5 წინააღმდეგი დეპუტატი ჰყავდა, ნინო სანდოძის – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი, თამარ ოქროპირიძის – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი, თეა ზიმისტარაშვილის კი – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს 29 ნოემბერს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანმა თქვა, რომ პროცესის გაგრძელებით "ძალიან იმედგაცრუებული" არიან. მანამდე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც. საელჩომ "მტკიცედ მოუწოდა" პარლამენტს, პრიორიტეტი მიენიჭებინა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაესრულებინა რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაინიშნა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

აშშ-ს ელჩმა იმედგაცრუება გამოხატა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. მისი თქმით, დამაბნეველია, რატომ გრძელდება ეს პროცესი, როდესაც ქართველი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა, სასამართლო რეფორმა.

კომენტარები