პოლიტიკური კრიზისი

უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ – ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებაზე

"უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ. უსინდისობა კიდევ ბევრი რაღაც მგონია – ფუყე დაპირებები, არათანმიმდევრულობა, გოთვერნობა" – ასე ეხმაურება ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას სიტყვებს, რომელმაც ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას "უსინდისო" უწოდა.

"სინდისი ჩემს აღქმაში არის ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ინდივიდუალური გამოცდილების (ოჯახი, აღზრდა, კულტურა) მიხედვით უყალიბდება და პირადი, თუ პროფესიული ცხოვრების განმავლობაში კარნახობს რა არის სწორი და რა არასწორი. ორი სიტყვით, სინდისი არის ის, რასაც ვერ მოატყუებ – თუ გაქვს.

როდესაც პოლიტიკური მოვლენის შეფასებას გთხოვენ, სინდისიერი საქციელია, გულწრფელი პასუხი გასცე და ესა თუ ის მოვლენა იმ ეროვნული ამოცანის კონტექსტში შეაფასო, რა ამოცანის შესრულებასაც ისახავ.

ეს არა მხოლოდ მორალურად, არამედ პრაგმატულადაც ერთადერთი სწორი საქციელია, განსაკუთრებით ასეთ ნდობის კრიზისში, როდესაც პოლიტიკა ისედაც დისკრედიტირებულია.

ამიტომ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ეზოში დაწყებული მასობრივი შიმშილობის შესახებ გვკითხეს, გიგამაც და მეც ვუპასუხეთ ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობთ – შიმშილობის ეს კონკრეტული აქტი არ ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ამოცანებს და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის შიდა კრიზისის გადავადების ამოცანა აქვს.

ამ დასკვნის გამოტანას განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები არ სჭირდება – ზედაპირზეა ის, რომ სააკაშვილის შაჰიდი მომხრეები მელიას თავს ესხმიან, უმოქმედობაში ამხელენ, საყვედურობენ, რომ "ხალხი დაშალა". მასობრივი შიმშილობა არის გზა, ლიდერისადმი თავგანწირვის დემონსტრირება მოახდინო. ამ ამოცანას ემსახურება ეს შიმშილობაც. ეს არის სიმართლე.

ჩვენი სინდისით და მორალური კომპასით ადამიანებს სიმართლე უნდა ელაპარაკო. მელიასი – არ ვიცი. არც მე და არც გიგა არ ვთვლით რომ ამომრჩეველი იდიოტია, თავად ვერ ხვდება იმას, რასაც ვამბობთ და ჩვენ რომ ტყუილებით გავბერავთ და ინტელექტუალურ შეურაცხყოფას მივაყენებთ, ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგვყვება. მითუმეტეს ის ამომრჩეველი, ვინც ბოკერიას შეიძლება მისცეს ხმა.

ასე ვთვლი და უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ. უსინდისობა კიდევ ბევრი რაღაც მგონია – ფუყე დაპირებები, არათანმიმდევრულობა, გოთვერნობა... მაგრამ ახლა რომ გავყვე, მელიას დახასიათება გამომივა და არ ვთვლი საჭიროდ მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის შედგენას ამ ეტაპზე.

და კიდევ, გულით მინდა, რომ მალე მოვიდეს დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრული საქციელის, მესიანიზმის და კვების რაციონის კომენტატორობა აღარ მოგვიწევს, რომ ეთერში ისე ვილაპარაკებ ჩემს ხედვაზე, რომ ლიზა იასკო არ ჩამერთვება შუაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვცვლით ტელევიზიების პრიორიტეტების გამო (რაც მათი გადასაწყვეტია) – ძალიან შევეცდებით, რომ შევცვალოთ და ჩვენი დღის წესრიგი, მთელ ქვეყანასთან თუ არა, ჩვენს პოტენციურ ამომრჩეველთან მაინც მივიტანოთ – ნაცმოძრაობის და სააკაშვილის გარეშე". – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

"თუ თქვა, უსინდისოა ეს ადამიანიც და სადმე როცა მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც" – ასე უპასუხა ნიკა მელიამ TV პირველის ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის შეკითხვას მასობრივი შიმშილობის წინააღმდეგ კრიტიკის შესახებ. ჟურნალისტის თქმით, მაგალითად, "გიგა ბოკერიამ თქვა, [...] რომ ლიდერმა ამით რაღაც გაიხანგრძლივა".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყების შემდეგ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა".

21 დეკემბერს ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კომენტარები