პოლიტიკური კრიზისი

მელია ბოკერიაზე: თუ თქვა, რომ შიმშილობით რაღაც გავიხანგრძლივე, უსინდისოა

"თუ თქვა, უსინდისოა ეს ადამიანიც და სადმე როცა მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც" – ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის შეკითხვას მასობრივი შიმშილობის წინააღმდეგ კრიტიკის შესახებ. ჟურნალისტის თქმით, მაგალითად, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, "გიგა ბოკერიამ თქვა, [...] რომ ლიდერმა ამით რაღაც გაიხანგრძლივა".

"ადამიანები ცდილობენ ნიშნის მოძებნას, ოღონდ რაღაც ეთერში მოხვდნენ. შიმშილობას არ მივიჩნევ სწორ სტრატეგიად და ტაქტიკად – ერთია, კრიტიკისთვის ღია ვარ და ვიქნები. ჩვენ არ ვხუმრობთ და სახუმაროდ საქმე აქ გვაქვს. ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები გამოეცალოს საბოლოოდ ამ ქვეყანას ფეხქვეშ. მე შემიძლია კომპრომისზეც წავიდე და წავსულვარ, შემიძლია დავთმო, როგორც დიდი პარტიის წარმომადგენელი, მცირეს დავუთმო, მაგრამ შეურაცხყოფას ვერც ჩემი და პარტიაში ჩემი მეგობრების და მით უფრო, ტყვედ აყვანილი ადამიანის, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, ვალდებული ვარ, რომ უპასუხოდ არ დავტოვო, ეს არის და ეს. 

მათი სწორი სტრატეგია რა არის? ჩვენზე იმას მაინც ამბობენ, რომ სწორი სტრატეგია არ არის, მათი სწორი სტრატეგია რა არის? გია ხუხაშვილმა რომ თქვას მსგავსი რამე, კი არ აღვშფოთდები, პირიქით, ან ნებისმიერმა სხვამ, მართლაც ობიექტურმა პოლიტიკურმა ექსპერტმა, მაგრამ როდესაც თითქოს მჭმუნვარე პოზიციიდან საუბრობს და კოლეგა ოპოზიციური პარტიის წევრებს არ მოუწონებს ბრძოლის ტაქტიკას, რომელიც თავგანწირვაზე გადის, 10-15 დღეში ამ ქვეყანაში ასეთ ადამიანებს სახუმარო მდგომარეობა არ ექნებათ. მერეც გაბედავენ იმავეს თქმას? როდესაც ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობ, მიხედე, განავითარე შენი ელექტორატი, შენი ხედვები მოიყვანე სისრულეში, ვინ გიშლის ხელს?". – თქვა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყების შემდეგ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა".

"ყოფილა ვითარება, როდესაც რეპრესირებული ადამიანები ისეთი ტიპის ფუნდამენტურ ამბავს ითხოვდნენ, რომ ამან შეიძლება ეფექტი გამოიღოს საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით, მაგრამ დამიჭირეს და გამათავისუფლე, თორემ ვიშიმშილებ – ეს არასერიოზულიც კია. ახლაც მე ეს მგონია, ლიდერების მხრიდან, არ ვგულისხმობ გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება სჯერათ მართლა, რომ ეს მოდელი მოიტანს შედეგს, მაგრამ ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა". – თქვა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში.

21 დეკემბერს ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კომენტარები