აშშ-რუსეთი

ჰარისი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის მზად ვართ

კამალა ჰარისი
Kevin Dietsch/Getty Images

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის კამალა ჰარისის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის მზად არიან. ამის შესახებ ვიცეპრეზიდენტმა CBS News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ პირდაპირ ველაპარაკებით რუსეთს. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ვირტუალურად შეხვდა პუტინს. ჩვენ ძალიან ნათლად განვმარტეთ, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიოს უკრაინის სუვერენიტეტი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და ნათლად განვმარტეთ, რომ უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის მზად ვართ." – თქვა კამალა ჰარისმა. 

CBS-ის ჟურნალისტმა მარგარეტ ბრენანმა აღნიშნა, რომ წარსულში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეუჩერებია.

"გავიმეორებ, რომ საუბარია ისეთ სანქციებზე, რომლებიც აქამდე ჯერ არ დაგვიწესებია" –უპასუხა კამალა ჰირისმა ჟურნალისტს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან ვიდეოშეხვედრა 7 დეკემბერს გამართა. შეხვედრაზე ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთს ესკალაციის შემთხვევაში ძლიერი ზომებით უპასუხებენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის "საშინელ ფასს გადაიხდის" და რუსეთისთვის ეკონომიკური შედეგები დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები