ქართული ოცნება

კუჭავა მიდის, პაპუაშვილი მოდის

კახა კუჭავას გადადგომის შემდეგ ქართული ოცნება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წარადგენს. 

ამის შესახებ პარტიის თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"შალვას განსაკუთრებული წარდგენა, ბუნებრივია, არ სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე მუშაობდა უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის შარშან მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის პოსტზე შალვა პაპუაშვილს გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს. 

შალვა პაპუაშვილი მმართველი პარტიის ახალი სახეა, რომელიც გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეუერთდა. ის ქართული ოცნების გამორჩეულად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. საჯარო სივრცეში გატარებული მცირე დროის მიუხედავად, მისი პოლიტიკური რეპუტაცია სამოქალაქო ინსტიტუტებზე თავდასხმას დაუკავშირდა.

კომენტარები