ვაქცინაცია

Pfizer-სა და AstraZeneca-ზე ბუსტერის გაკეთების ვადა 3-თვემდე შემცირდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გაუწია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის.

გაბუნიას განმარტებით, თუ აქამდე ბუსტერ დოზა შესაძლებელი იყო ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინისთვის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინის მეორე დოზიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება მესამე თვიდან, – "გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა [ბუსტერ დოზა]".

"ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება, გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა". – ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 24 შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევებუ ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა, თუმცა ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები