პოლიტიკური კრიზისი

ტიკარაძე მოშიმშილეებზე: დაძაბულობის შემოტანას ცდილობენ, მეტი ყურადღების მისაქცევად

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივ შიმშილობას ყურადღების მიქცევის და დაძაბულობის შემოტანის მცდელობად აფასებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მხარეებს შორის დიალოგის გამართვის რესურსი ყოველთვის არსებობს და პოლიტიკოსები ამ ხერხს უნდა მიმართავდნენ, ნაცვლად სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებისა.

"მე მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში და ნამდვილად ვთვლი, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტი აქციებს, რომელიც ისედაც ართულებს ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარეობს". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან კარვები ამავე დღეს გაშალეს და მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს.

კომენტარები