Sex and The City

SATC-ის მსახიობებმა მხარი დაუჭირეს ქალებს, რომლებიც კრის ნოთს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

Eonline

Sex and The City-ს მსახიობები სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი სერიალში მისტერ ბიგის როლის შემსრულებლის, კრის ნოთის საწინააღმდეგო ბრალდებებს გამოეხმაურნენ. ნოთს სამი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

სამეულმა სოციალურ ქსელში Twitter ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

"კრის ნოთის მიმართ გაჟღერებულმა ბრალდებებმა ძალიან დაგვასევდიანა. მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებმაც ხმა აიმაღლეს და საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. ამის გაკეთება ძალიან რთულია და ჩვენ მათ პატივს ვცემთ.

სინტია ნიქსონი, სარა ჯესიკა პარკერი, კრისტინ დევისი". – წერია ერთობლივ განცხადებაში.

სერიალ Sex and The City-ს მსახიობს სექსუალურ ძალადობაში 3 ქალი ადანაშაულებს. პირველი ბრალმდებლის (ფსევდონიმი ზოი) თქმით ინციდენტი 2004 წელს ლოს-ანჯელესში მოხდა. ქალი იმ ფირმის თანამშრომელი იყო, რომელთანაც მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ნოთმა ზოი საკუთარ ბინაში წიგნებზე სალაპარაკოდ დაპატიჟა. შემდეგ ქალს ძალით აკოცა და სარკის წინ გააუპატიურა. იმ დროს მსახიობი 49 წლის იყო, ხოლო დაზარალებული 22-ის.

მეორე დაზარალებული (ფსევდონიმი ლილი) კლუბში მიმტანად მუშაობდა, რომელსაც ნოთი ხშირად სტუმრობდა. მსახიობმა ლილი ვახშამზე დაპატიჟა, რაზეც თანხმობა მიიღო, ვინაიდან ლილი Sex and The City დიდი თაყვანისმცემელი იყო. ვახშმის შემდეგ ნოთმა სახლში წაყოლა სთხოვა, რათა ცოტაოდენი ვისკი დაელიათ და სამომავლო კარიერულ გეგმებზე ელაპარაკათ. ბინაში მსახიობმა ქალს დაუკითხავად აკოცა და შემდეგ ორალური სექსი აიძულა. მეორე დაზარალებულმაც აღნიშნა, რომ გაუპატიურება სარკის წინ მოხდა. ლილის თქმით ინციდენტი 2015 წელს მოხდა, როდესაც ნოთი უკვე დაქორწინებული იყო მსახიობ ტარა უილსონზე. იმ დროს დაზარალებული 25 წლის იყო, ხოლო მსახიობი 60-ის.

მას შემდეგ რაც მსახიობს ორმა ქალმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, მსახიობმა ლისტერ-ჯონსმა Instagram-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოთი მასზე სექსუალურ ძალადობაშიც დაადანაშაულა.

ბრალდებებიდან რამდენიმე დღეში ნოთთან თანამშრომლობა შეწყვიტა სამსახიობო სააგენტომ.

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს, პირველი კომენტარი მან გამოცემა Hollywood Reporter-თან გააკეთა: 

"არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს 30 წლის წინ, თუ 30 დღის წინ. "არა" ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრები ორმხრივი თანხმობით მოხდა. არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ". – ამბობს მსახიობი.

კრის ნოთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ Sex and The City-ში შესრულებული მისტერ ბიგის როლით გაითქვა. 

 

კომენტარები