NATO-რუსეთი

ზალკალიანი რუსეთზე: NATO-ში გაწევრიანება ჩვენი უფლებაა, გავლენის სფეროებზე საუბარი მიუღებელია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა. ზალკალიანის თქმით, ალიანსში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული უფლებაა, ამიტომ რუსეთის მხრიდან გავლენის სფეროებზე საუბარი მიუღებელია.

"ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის მხრიდან, რადგანაც ისინი თავად არიან ხელისმომწერი პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ საუბარი გავლენის სფეროებზე, რომელზეც საუბარია გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მიუღებელია. ვციტირებ NATO-ს გენერალურ მდივანს, რომ გავლენის სფეროები არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და არ განმეორდება". – თქვა ზალკალიანმა.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

კრემლის ამ პირობებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ "მხოლოდ უკრაინასა და NATO-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდეგი განვითარების ვექტორი, მათ შორის, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი". 

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს ასევე სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები