თურქეთის ეკონომიკა

თურქეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, $1-ის ღირებულებამ 15.6 ლირას გადააჭარბა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ფოტო: ft.com

თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოთხოვნით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გამო, ვალუტა თითქმის 6%-ით გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 15.6 ლირას გადააჭარბა

ექსპერტების შეფასებით, თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ინფლაციის დონის 20%-იან ნიშნულამდე ზრდის და ლირის გაუფასურების მთავარი მიზეზი პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებებია. 

მისი ბრძანებით თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 14%-მდე შეამცირა. გარდა ამისა, S&P Global-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა უარყოფითად შეფასება, რასაც საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე ლირის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. 

ამერიკული დოლარის ღირებულება თურქულ ლირასთან მიმართებით

ერდოღანი აქტიურად ახორციელებს ზეწოლას ქვეყნის ცენტრალურ ბანკსა და მონეტარულ პოლიტიკაზე. მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის წინააღმდეგია. ნოემბერში ერდოღანმა პირობა დადო, რომ ის ყველანაირად შეეცდებოდა საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა.

დეკემბერში ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის მის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

 

 

კომენტარები