თურქეთის ეკონომიკა

ერდოღანმა თურქეთის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, ლირა რეკორდულად უფასურდება 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ფოტო: ft.com

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა. ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ლირა რეკორდულად გაუფასურებას, ინფლაციის მაჩვენებელი კი მკვეთრად ზრდას განაგრძობს. 

ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13.73 თურქულ ლირას შეადგენს, ქვეყანაში ინფლაციის დონე კი 20%-იან ნიშნულს აღწევს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარის კურსი 7.98 ლირას შეადგენდა.

მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, ერდოღანი ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის წინააღმდეგია. 

Reuters-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის, ლუთფი ელვანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი მისი ერდოღანთან უთანხმოება იყო, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად, ევანიც ინფლაციის გასაკონტროლებლად საპროცენტო განაკვეთის ზრდას უჭერდა მხარს. 

ნოემბერში ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციის დონისა, ის ყველანაირად შეეცდებოდა ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. სწორედ ამ მიზნით მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნურედინ ნებათი დაინიშნა, რომელიც ერდოღანის მოსაზრებებს იზიარებს. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.

ერდოღანის ბრძანებით, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 16%-მდე შეამცირა და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შემცირებას დაუჭიროს მხარი.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.

კომენტარები