თურქული ლირა

ერდოღანის გადაწყვეტილების გამო, თურქული ლირა 15%-ით გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში თითქმის რეკორდული 15%-ით გაუფასურდა, ამის მიზეზი კი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ნაჯი აგბალის სამსახურიდან განთავისუფლება გახდა.  

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ედრდოღანსა და აგბალს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა იყო. 
ერდოღანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მოითხოვდა, ხოლო აგბალი 15%-მდე გაზრდილი ინფლაციის დონის გამო, მას არ ეთანხმებოდა. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის სამსახურიდან განთავისუფლებას თან მოჰყვა პანიკური ვაჭრობა, რის გამოც  რამდენიმე საათში თურქული ლირა თითქმის 15%-ით გაუფასურდა.  

დოლარის ღირებულება ლირასთან მიმართებაში 7.218-დან 8.485-მდე შეიცვალა.  

ცენტრალური ბანკის ახალ პრეზიდენტად საჰაპ კავჩიოღლუ დაინიშნა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კავჩიოღლუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია და ის ერდოღანის ხედვებს იზიარებს. 

"თურქეთს ორი გამოსავალიღა რჩება, ან პირობა უნდა დადოს, რომ საპროცენტო განაკვეთს ბაზრის სტაბილიზაციისათვის გამოიყენებს, ან კაპიტალზე კონტროლი უნდა დააწესოს". – თქვა SEB Research-ის მკვლევარმა, პერ ჰამარლუნდმა. 


 

კომენტარები