რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე, სერგეი რიაბკოვი NATO-ს აღმოსავლეთში გაფართოების შემთხვევაში მძიმე შედეგებით ემუქრება.
რიაბკოვის თქმით, NATO-ში გაწევრიანება ყველასთვის შესაძლებელი ვერ იქნება, რადგან "ინდივიდის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას".
"მინდა ხაზი გავუსვა: [ჩრდილოატლანტიკურ] კავშირში შესვლა ვერ იქნება აბსოლუტური. ეს ისეა, როგორც ადამიანთა საზოგადოებაში: ინდივიდის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას", – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
"NATO-ს მომავალი გაფართოება დაუშვებელია. და საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს, რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს – ეს არის მცდელობები შეუსაბამო საშუალებებით. ჩვენ ჩვენს აზრზე დავრჩებით: თუ ოპონენტები მაინც წავლენ ამის წინააღმდეგ, ნახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გამყარდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება", – ამბობს რიაბკოვი.
რიაბკოვის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაფართოებისთვის არგუმენტები არ გააჩნია.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა NATO-ს მოსთხოვა უკან წაეღო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებოდნენ.