პეკინის ოლიმპიადა 2022

დიდი ბრიტანეთი და კანადა 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს შეუერთდნენ

ბორის ჯონსონი
Getty Images

დიდი ბრიტანეთი და კანადა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს შეუერთდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ბრიტანელი მინისტრები ოლიმპიადას არ დაესწრებიან. ოლიმპიადის ბოიკოტისთვის იგივე მიზეზი დაასახელა კანადამაც.

ჯონსონის განცხადებამდე დიპლომატიური ბოიკოტისკენ მოუწოდა კონსერვატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა იან დუნკან სმიტმა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ სპორტული ღონისძიებების ბოიკოტს არ ემხრობა.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბოიკოტი ჩინეთისთვის მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო.

"წარსულში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ" - თქვა ტრუდომ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახის თქმით, მიუხედავად იმისა, იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებენ, სასიხარულოა, რომ ოლიმპიადას სპორტსმენები დაესწრებიან.

პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს ავსტრალიამ და აშშ-მაც. ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიურ დელეგაციას არ გზავნის ახალი ზელანდიაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად COVID-19-ს ასახელებს.

კომენტარები