პეკინის ოლიმპიადა 2022

ავსტრალია 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს უერთდება

REUTERS

ავსტრალია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც პეკინში გაიმართება, დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის თქმით ეს გადაწყვეტილება პასუხია ჩინეთში, სინძიანგის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევასა და ბევრ სხვა საკითხზე, რომელზეც ავსტრალია ამ დრომდე საუბრობდა. პრემიერმინისტრის თქმით, ათლეტებს ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვეულებრივ შეეძლებათ.

მორისონის თანახმად, იმის გათვალისწინებით, როგორ გაუარესდა ბოლო წლებში ორი ქვეყნის ურთიერთობა, გასაკვირი არ არის, რომ ავსტრალია ბოიკოტს შეუერთდა,

"ამას ვაკეთებ, რადგან ეს ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებშია. ეს სწორი გადაწყვეტილებაა."- თქვა მორისონმა.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ჩინეთი ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე უარის თქმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ავსტრალია მოლაპარაკებებისთვის ღიაა.

აშშ-მ 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამო, აშშ-ს ოფიციალური დელეგაცია ღონისძიებას არ დაესწრება.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა. სპიკერის, ლიუ ბენგიუმის თქმით, აშშ-ს ქმედება პოლიტიკური მანიპულაციაა და "არავის ადარდებს, მოვა თუ არა ეს ხალხი ოლიმპიადაზე".

ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიურ დელეგაციას არ გზავნის ახალი ზელანდიაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად COVID-19-ს ასახელებს.

პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავს კანდაც და იაპონიაც.

კომენტარები