პეკინის ოლიმპიადა 2022

ჩინეთის საელჩო აშშ-ს ბოიკოტზე: არავის ადარდებს, მოვა თუ არა ეს ხალხი პეკინის ოლიმპიადაზე

ჯო ბაიდენი და სი ძინფინგი

აშშ-მ 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამო, აშშ-ს ოფიციალური დელეგაცია ღონისძიებას არ დაესწრება. 

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა. სპიკერის, ლიუ ბენგიუმის თქმით, აშშ-ს ქმედება პოლიტიკური მანიპულაციაა.

"ასეთი პრეტენზიული ქმედება მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია და ოლიმპიური ქარტიის სულისკვეთების მძიმე დამახინჯებაა. არავის ადარდებს, მოვა თუ არა ეს ხალხი ოლიმპიადაზე და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე". – თქვა ჩინეთის საელჩოს სპიკერმა. 

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის თქმით, ბოიკოტი სინძიანში ჩინეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს უკავშირდება.  
 
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიპლომატიური ბოიკოტისა, ამერიკელი სპორტსმენები შეძლებენ პეკინის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას და აშშ-სგან სრულ მხარდაჭერასაც მიიღებენ, ღონისძიებას მხოლოდ ამერიკელი ოფიციალური პირები და დიპლომატები არ დაესწრებიან.

ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიურ დელეგაციას არ გზავნის ახალი ზელანდიაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად COVID-19-ს ასახელებს. 

ამერიკელი კანონმდებლები და ადამიანის უფლებადამცველები აშშ-ს მთავრობას აქტიურად მოუწოდებდნენ, რომ პეკინის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადებინათ. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა.  

კომენტარები