მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს, ნიშანდობლივია, ქალი ხელმძღვანელობს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციასა და პენიტენციურს მისი კადრების გავრცელების გამო ჯარიმა დაკისრათ. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ომბუდსმენი. 

“მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.

ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”.- წერს სააკაშვილი Facebook გვერდზე.


სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ Facebook-ის, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები – ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახეს საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ა" (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), "ბ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის), "გ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და ასევე, "დ" (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტების დარღვევით.

"სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით – ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად. მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ – მოშიმშილე პირმა (მიხეილ სააკაშვილმა) უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე". – ნათქვამია ინსპექტორის დასკვნაში.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები