პოლიტიკური კრიზისი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, ენმ-მ სხდომა დატოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

“დაიწყო ზეწოლა, ძალადობა, მოსყიდვის მცდელობები უკვე კონკრეტული დეპუტატების მიმართ და მათ შორის, ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგის, ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ, რომლის სიცოცხლეც ამ ყველაფერს ემსხვერპლა, მისმა გულმა ვერ გაუძლო. მე ვთვლი და ჩვენ ყველანი ერთად ვთვლით, რომ დღეს არ გვაქვს იმის მორალური უფლება, რომ დავესწროთ დღევანდელ სხდომას და შეგიქმნათ ე.წ. დემოკრატიის ფასადი, თითქოს არაფერი ხდება და ყველაფერი არის კარგად. აქედან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოვებს სხდომას,”- თქვა ენმ-ის დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ.


ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ზეწოლაში მონაწილეობდა. 

კომენტარები