ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება

ენმ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე დაუყონებლივი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. 

საქმე ეხება 24 ნოემბერს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, ენმ-ს ცნობით, ხელისუფლების დავალებით, გადაბირების მიზნით, დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე გარდაცვალებამდე ზეწოლას ახდნენდნენ. 

"ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი. ადამიანი იმდენად ნერვიულობდა, როდესაც მათ ზეწოლის შემდეგ მოსყიდვაც შესთავაზეს, ნერვიულობდა საკუთარ ოჯახზე, ნერვიულობდა შვილებზე და ამას იგი ხმამაღლა ამბობდა, ნერვიულობდა ყველაზე მის ირგვლივ და ვეღარ გაუძლო. წარმოუდგენლად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ისტორიას, როდესაც ვუსმენთ, რომ ჩვენი თანამებრძოლი ვეღარ უძლებს ამხელა ზეწოლას და ამაზე სისტემას აქვს ერთადერთი პასუხი და ეს პასუხი ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, იყო ყველაზე ამაზრზენი. 

მე მინდა, გითხრათ ჩემი მეგობრების, თანაპარტიელების სახელით, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც ნამდვილად არ აპირებს, შეეგუოს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლე შეიძლება, შეწყდეს იმის გამო, რომ რეჟიმს არ უნდა შეგუება ძალაუფლების დაკარგვასთან. ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ ნებისმიერ დროს რეჟიმმა შეიძლება, მიაკითხოს ნებისმიერ ადამიანს, მასზე ზეწოლა განახორციელოს, ბინძური ხერხები განახორციელოს და შემდეგ ამ ადამიანს გულმა ვეღარ გაუძლო.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც ამხილეს ჩემმა მეგობრებმა, მიეცნენ სისხლისსმართლებრივ პასუხისმგებლობაში". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დეპუტატმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება, გამოიკვლიონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა შანტაჟში. დეპუტატი ასევე მოითხოვს რეაგირებას ყველა იმ

"დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ ადამიანზე ზეწოლა, გადათელა, რა თქმა უნდა, არავის არ შერჩება და, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში დადგება ისეთი მართლმსაჯულება, როდესაც ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული". – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე გარდაცვალებამდე ზეწოლა მიმდინარეობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. 

მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები