მიხეილ სააკაშვილი

ჯიშკარიანი სააკაშვილზე: აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დაკავშირებულია წამებასთან

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა​ აქვს, რაც პენიტენციურ სისტემაში წამების ფაქტთანაა დაკავშირებული.

"წინასწარი შედეგით, რაც შეგვიძლია გითხრათ, რომ დასტურდება პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც დაკავშირებულია ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი და პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას". – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ჯიშკარიანის თქმით, მას იმგვარი ფსიქიკური აშლილობა არ აქვს, რომ 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს და გადაწყვეტილებას ამის შესახებ თავად მიიღებს.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უმჯობესდება და მას 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. 

სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ ორშაბათს, 29 ნოემბერს სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის მორიგ პროცესს ფიზიკურად დაესწრება.

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესებზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები