კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: უვადო კოვიდპასპორტის გაცემის პრეცედენტი მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვნახე

"ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი, არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვნახე". - ამბობს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ მიენიჭებათ.

ამის შესახებ მან Palitranews-ის ეთერში თქვა. 

"ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ჩუტყვავილასა და წითელას გადატანის შემდეგ, რომ ადამიანი არ ხდება არასოდეს ავად. შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ მეორედ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი საქართველოში უკვე 5 ათასს აღწევს.

კულუმბეგოვის შეგასებით, პანდემია პოლიტიკურიპ როცესის მძევალი არ უნდა გახდეს.

"პანდემია არ უნდა გახდეს მძევალი პოლიტიკური პროცესის, თორემ ეს აზარალებს ადამიანებს. რაღაც ეტაპზე ამის წინაშე სულ ვიდექით, არჩევნების საკითხი, შეიძლებოდა რაღაც რეგიონის ადრე ჩაკეტვა და არ მოხდა, სულ იგრძნობოდა ეს, რომ პოლიტიკური ინტერესები უფრო იყო წამყვანი ამ პროცესის.

განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ". - ამბობს კულუმბეგოვი. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ მიენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც მეორე დოზით რვა თვის შემდეგაც არ აცრილა, ამბობს, რომ "საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან".

კომენტარები