თბილისის მერია

მერიას გოცირიძის მეტრო 3 თვეში უნდა გაერემონტებინა, თუმცა სადგური 9 თვეა ჩაკეტილია

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2018-2020 წლებში ტენდერი 10-ჯერ გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას 3 მილიონის სანაცვლოდ სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა და სადგური მხოლოდ 3 თვით უნდა ჩაკეტილიყო, თუმცა 9 თვეზე მეტია, რაც მეტროსადგური არ ფუნქციონირებს და კომპანიას სამუშაოების ნახევარიც კი არ შეუსრულებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერში გამარჯვებულ შპს კაიზენთან 3.15 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2020 წელს გააფორმა. 

კომპანიამ შეთანხმების პირობებით განსაზღვრული ვადები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე იქნა გახანგრძლივებული საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულება".  

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სადგურ გოცირიძის გახსნა ვერ ხერხდება, რადგან ბაქანი მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი. 

"ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი". – თქვა კალაძემ. 

მერიის განმარტებით, სარეაბილიტაციო პროექტი მოიცავდა სადგურის ვესტიბიულსა და ბაქანს, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ამორტიზებული ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხის შემცველია და მისი ხელახლა აშენებაა საჭირო. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ რეკონსტრუქციის პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გარეშე დაგეგმა და სამშენებლო სამუშაოებიც წამოიწყო. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის გეგმა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად შეიცვლებოდა. 

"ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. სავარაუდოდ სამუშაოებს სამი თვე დასჭირდება". – ამბობდა კალაძე თებერვალში. 

მერიის განმარტებით, სამხარეულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნის გამოტანა დააგვიანა და შესაბამისად, პროექტი გაჭიანურდა. 

როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები და გაიხსნება მეტროსადგური გოცირიძე, ჯერჯერობით, უცნობია. 

კომენტარები