თბილისის მერია

მერიამ მეტრო გოცირიძის რემონტზე 3.5 მილიონი გამოყო, თუმცა ბაქანი თავიდანაა ასაშენებელი 

თბილისის მერიამ მეტროსადგურ გოცირიძის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის პროექტზე 3.5 მილიონი გამოყო და ის სამ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სადგურის გახსნა ვერ ხერხდება, რადგან ბაქანი მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი.  

"ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი". – თქვა კალაძემ. 

მერიის განმარტებით, სარეაბილიტაციო პროექტი მოიცავდა სადგურის ვესტიბიულსა და ბაქანს, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ამორტიზებული ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხის შემცველია და მისი ხელახლა აშენებაა საჭირო. 

სადგურზე სარემონტო სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და კალაძე პირობას იძლეოდა, რომ მეტროსადგური მოსახლეობას მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ რეკონსტრუქციის პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გარეშე დაგეგმა და სამშენებლო სამუშაოებიც წამოიწყო. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის გეგმა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად შეიცვლებოდა. 

"ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. სავარაუდოდ სამუშაოებს სამი თვე დასჭირდება". – ამბობდა კალაძე თებერვალში. 

მერიის განმარტებით, სამხარეულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნის გამოტანა დააგვიანა და შესაბამისად, პროექტი გაჭიანურდა. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 740 000 ლარი, უკვე გადახდილია და მეტროსადგურზე გარკვეული სამუშაოებიც შესრულებულია, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ბაქნის ხელახლა აშენებასთან დაკავშირებით ვითარებას არსებითად ცვლის. 

სავარაუდოდ, თბილისის მერიამ მატერიალური და ფიზიკური რესურსები გაფლანგა, რადგან მშენებლობა ექსპერტიზის დასკვნის გარეშე წამოიწყო. გაწეული სამუშაოები კი, შესაძლოა, უსარგებლოდ ჩაითვალოს.

ამჟამად რეკონსტრუქციის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ბაქნის ხელახლა აშენება და შესაბამისი ხარჯები თავდაპირველი გეგმით არ იყო გათვალისწინებული. 
 

კომენტარები