კორუფცია

ქართული ოცნების შემომწირველებმა 34 მილიონის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს [TI] ინფორმაციით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის სექტემბრამდე სახელმწიფომ 4 500-მდე სამშენებლო მომსახურების კონტრაქტი გააფორმა, მათი ჯამური ღირებულება 125 მილიონ ლარს აღწევს.  

33.8 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები ქართული ოცნების და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა მიიღეს. გამარტივებული კონტრაქტები 31 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში ქართულ ოცნებას 1.1 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.

ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გაფორმება კორუფციული გარიგებების არსებობაზე აჩენს ეჭვს.  
 
2020-2021 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. 43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მოიპოვა. 

"ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ". – წერია TI-ს ანგარიშში. 

 

 

კომენტარები