კორუფცია

"საქმე ეხება რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელობის კორუფციულ სქემებს" - 8 პირს ბრალი წარედგინა

სუს-მა რკინგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. აქედან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე გამოცხადდება ძებნა. 

მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობა, დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო დუკუმენტის დამზადება-გამოყენება, ყალბი ოფიიალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სუს-ის ცნობით, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ფორმით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს რკინიგზის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.

პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზება.დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის საქართველოს რკინიგზის ინფრასტურუქტურის იმჟამინდელი დირექტორი.

დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე-სუბიექტი - შპს კახეთი, შპს ნოვა ტრანსი, შპს ჯადექსა, შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო და შპს გრანდ კახეთი.

დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიზამ ორ ეტაპად, 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრის და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს კახეთი.

იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთახმებით, ერთერთი პირი, საქართველოს რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად აწონვის გარეშე და ზოგ შემთხვევაში დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას.

შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოდ გაამარტივებდა მის საქართველოს რკინიგზის ბალანსიდან ჩამოწერას.

შპს კახეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დავით ფერაძის ორგანიზებით საქართველოს რკინიგზის ტერიტორიებიდან დასაწყობების ნაცვლად სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება.

პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები - შპს კახეთის, შპს ნოვა ტრანსის, შპს ჯადექსას და შპს სამშენებლო-სარემონტო კომპანია ხუროს ფორმალური დამფუძნებლები და დირექტორები.

ამავდროულად, სს საქართველოს რკინიგზის გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 𝟐𝟐 𝟏𝟐𝟎 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 𝟏𝟕 𝟑𝟗𝟏 𝟏𝟐𝟏 ლარად შეისყიდა შპს ჯეოსთილმა.

შპს ჯეოსთილისგან მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ნოვატრანსისა და შპს ჯადექსას საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება.

გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა, რომ 𝟐𝟎𝟐𝟐 წლის 𝟐𝟗 აპრილს, საქართველოს რკინიგზასა და შპს რაველდის შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 𝟗𝟗𝟗 𝟕𝟔𝟖 აშშ დოლარი.

საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 𝟏𝟔𝟎𝟎 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე.

სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს რაველდის დირექტორმა საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს რაველდიმ, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 𝟗𝟖𝟕 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 𝟏𝟐𝟎𝟎 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა - შპს რაველდიმ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 𝟒𝟎𝟑 𝟖𝟒𝟒 ლარი." - აცხადებს სუს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 𝟏𝟖𝟎-ე მუხლის მე-𝟑 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-𝟒 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 𝟏𝟗𝟒-ე მუხლის მე-𝟑 ნაწილის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით, 𝟐𝟏𝟎-ე მუხლის მე-𝟐 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე,𝟐𝟓, 𝟏𝟖𝟎-ე მუხლის მე-𝟑 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 𝟐𝟓, 𝟑𝟔𝟐-ე მუხლის მე-𝟐 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 𝟑𝟔𝟐-ე მუხლის მე-𝟐 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  𝟗-დან 𝟏𝟐 წლამდე ვადით.

კომენტარები