მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: თუ სააკაშვილს ჯანმრთელობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს პროცესს დაესწრება

"თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება". - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ Interpressnews-ს უთხრა. 

"ივანიშვილისგან მართულმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის წინაშე წარმდგარიყო, რადგან სასამართლოს განაჩენი ქართველი ხალხის სახელით გამოაქვს. საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არა აბსურდული ბრალდებების სუბიექტი. ამ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და საერთაშორისო ზეწოლას, რომლის ფონზეც ფანჯარა გაჩნდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნეს გადმოყვანილი, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა მოთხოვნა. იმედი გვაქვს, 29 ნოემბერს ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება.

მიხეილ სააკშვილის დიდი სურვილია ამ პროცესებს, განხილვებს დაესწროს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა საამისოდ მას ექნება". - ამბობს ბასილაია. 


იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა საფუძველია, რომ ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს. 

მისი მტკიცებით, სააკაშვილი სასამართლო სხდომებზე ორი მიზეზით - უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადაჰყავდათ. 

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

კომენტარები