მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა საფუძველია, შემდეგ სასამართლო პროცესს დაესწროს

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა საფუძველია, რომ ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს. 

მისი მტკიცებით, სააკაშვილი სასამართლო სხდომებზე ორი მიზეზით - უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადაჰყავდათ. 

"როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე – ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი, აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ, რომ ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური". - თქვა ბრეგაძემ TV იმედის ეთერში. 

მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება არ მისცა. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

კომენტარები