Balenciaga

ჟოზე მოურინიომ ახალგაზრდა ფორვარდს გოლის გატანის შემდეგ Balenciaga-ს ფეხსაცმელი აჩუქა

იტალიური საფეხბურთო კლუბის რომას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 18 წლის ფეხბურთელს, ფელიქს აფენა-გიანს დუბლის შესრულების შემდეგ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ Balenciaga-სთვის შექმნილი ფეხსაცმელი აჩუქა.

18 წლის ფეხბურთელი კვირას, ჯენოასთან გამართულ მატჩში 74-ე წუთზე ჩაერთო, ამ დროს ანგარიში 0-0 იყო, ახალგაზრდა ფორვარდმა კი გოლების გატანა 82-ე და და 94-ე წუთებზე მოახერხა. აფენა-გიანი სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ მოურინიოსკენ გაიქცა და გოლი მასთან ერთად აღნიშნა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მოურინიომ განაცხადა, რომ აფენა-გიანი მასთან პირობის შესახსენებლად მივიდა.

"ფელიქსს გოლის გატანის შემთხვევაში იმ ფეხსაცმელის ყიდვას შევპირდი, რომელიც მას ძალიან მოსწონს და ძალიან ძვირი ღირს, 800 ევრო. გოლის გატანის შემდეგ ის ჩემსკენ სწორედ ამის შესახსენებლად გამოიქცა. რომში დაბრუნებისთანავე მაღაზიაში წავალ". - უთხრა მოურინიომ ჟურნალისტებს.

გუშინ კი აფენა-გიანმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მოურინიომ პირობა შეასრულა და ახალგაზრდა ფორვარდს Balenciaga-ს ფეხსაცმელი აჩუქა.

კომენტარები