Balenciaga

"ყოველი დღე ბრძოლას ჰგავს საკუთარი იდენტობის დასაცავად" – BALENCIAGA-ს ჩვენება ტალახში

მოდის სახლმა Balenciaga-მ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა.

"ტალახის შოუ" - ასე ეწერა საფულეებზე, რომლებიც მოდის სახლმა სტუმრებს მოსაწვევების სახით გაუგზავნა და აღმოჩნდა, რომ ახალი კოლექციის წარდგენა სწორედ ტალახში შედგა. მოდელები, რომლებიც ტანსაცმელს წარადგენდნენ, ტალახით იყვნენ გარშემორტყმულები.

ჩვენება ჰიპ-ჰოპ არტისტმა და DEMNA-ს Balenciaga-ს კოლექციების მოყვარულმა, კანიე ვესტმა გახსნა, რომლისთვის მოდელის რანგში დებიუტი შედგა.

ჩვენების პარალელურად ოფიციალურმა გვერდმა Demnagram-მა გამოაქვეყნა DEMNA-ს წერილი, სადაც ის წერს, რომ აღარ აპირებს სიტყვიერად ახსნას კოლექციები.

"ვერ ვიტან ყუთებს და ვერ ვიტან იარლიყების მიწებებას და ასევე, ვერ ვიტან რაიმე იარლიყით ყუთში მოთავსებას. საზოგადოებას, ინტერნეტსა და ზოგადად, მსოფლიოს უყვარს ამის კეთება, რადგან ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

ადამიანს გამბედაობა და შეუპოვრობა სჭირდება, რათა მიიღოს საკუთარი იდენტობა და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე ბრძოლის ველს ჰგავს საკუთარი უნიკალური იდენტობის დასაცავად. და რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ იყო, ის ვინც ხარ, მით უფრო მეტად გხვდება სახეში მუშტი. თუმცა, რამდენად დიდებულია, რომ ვიყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულები.

შენი გამოწვევაა, რომ დარტყმის შემდეგ წამოდგე და საკუთარი ნამდვილი იდენტობისკენ სვლა განაგრძო.

მოდას უყვარს ყუთები და იარლიყები ყველაფერზე მეტად. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის, კუტური, კარგი, ცუდი, ჭორების წარმომქნელი, ვირუსული - ყველა ერთი და იგივეა, ვის ადარდებს. მდიდრული მოდის გაპრიალებულ, ექსკლუზიურ და ვიზუალურად მდიდრულ ყუთში მოთავსება შეზღუდული და ძალიან ძველი მიდგომაა. მოდაში ინდივიდუალიზმი ფსევდოტენდენციებამდე ჩამოქვეითდა, რომელიც ნაკარნახევია იმ მომენტში ცნობილი ადამიანის მიერ სთორებში გამოქვეყნებული პოსტებით.

გადავწყვიტე, სიტყვიერად აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები და დიზაინი, არამედ გამოვხატო გონების მდგომარეობა. მოდა ვიზუალური ხელოვნებაა და მისი მხოლოდ სხვისი თვალებით დანახვაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, მოდას არ სჭირდება ისტორია, რომელსაც ვინმეს მიყიდი. ის ან მოგწონს, ან არა.

ამ შოუში შექმნილი გარემო ჭეშმარიტების ძიებისა და მიწიერებასთან სიახლოვის მეტაფორაა. მოდით, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან და შევქმნათ სიყვარული, არა ომი".

ნახეთ ჩვენება სრულად:

კომენტარები