Balenciaga

DEMNA-ს საპატიო ჯილდო აღარ გადაეცემა - რა ხდება BALENCIAGA-ში?

Balenciaga-ს კამპანია GARDE-ROBE

უკვე ორი კვირაა მოდის სახლი Balenciaga სოციალური მედიის მომხმარებლების, ცნობილი ადამიანებისა და ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული, ამის მიზეზი კი მოდის სახლის მიერ ორი სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული ფოტოებია.

კამპანია GIFT SHOP

16 ნოემბერს Balenciaga-მ კამპანია Gift Shop-ის [საჩუქრების მაღაზია] ფარგლებში ფოტოები გამოაქვეყნა, რაშიც მონაწილეობას 6 ბავშვი იღებდა. ბავშვებს ხელში სათამაშო დათვის ხელჩანთები ეჭირათ, რომლებსაც ბადისა და ტყავის ელემენტები ჰქონდათ. კამპანიის გამოქვეყნებიდან მალევე, მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკეს ბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის.

24 ნოემბერს მოდის სახლი კრიტიკას გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და Instagram-ზე დაწერა, რომ ფოტოებს, რომლებშიც ბავშვები იღებდნენ მონაწილეობს სოციალური მედიის ყველა პლატფორმიდან აიღებდნენ.

"გულწრფელ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი სახის შეურაცხყოფისთვის, რაც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. სათამაშო დათვის ჩანთები არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი კამპანიაში ბავშვებთან ერთად. ჩვენ სასწრაფოდ წავშალეთ ფოტოები სოციალური მედიის ყველა პლატფორმიდან". - დაწერა მოდის სახლმა.

კამპანია GARDE-ROBE

21 ნოემბერს Balenciaga-მ კამპანია GARDE-ROBE-ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლ კიდმანი, იზაბელ იუპერი და ბელა ჰადიდი იღებდნენ. კამპანიისთვის სურათები რამდენიმე თვით ადრე - 2022 წლის ივნისში გადაიღეს და გადაღების ადგილად ოფისის სტილის გარემო შეარჩიეს. მას შემდეგ, რაც მოდის სახლმა სურათები გაავრცელა, სოციალური მედიის მომხმარებლემა აღმოაჩინეს, რომ ფოტოებში ჩანდა დოკუმენტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის შესახებ. სოციალურ მედიაში ფაქტს მალევე მოჰყვა კრიტიკა - მომხმარებლები წერდნენ, რომ Balenciaga ბავშვთა პორნოგრაფიის კამპანიას ეწევა.

24 ნოემბერს, Balenciaga-ს მიერ პირველი კამპანიისთვის მოხდილი ბოდიშიდან რამდენიმე საათში, მოდის სახლმა მეორე განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც დაწერეს, რომ უჩივლებენ მათ, ვინც პასუხისმგებელი იყო კამპანია GARDE-ROBE-ის გადასაღები ადგილის მოწყობასა და აღნიშნული დოკუმენტების განთავსებაზე.

"ბოდიშს ვიხდით კამპანიაში შემაშფოთებელი დოკუმენტების ჩვენების გამო. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და გამოვიყენებთ სამართლებრივ ზომებს იმ მხარეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ გადასაღები გარემოს შექმნასა და დოკუმენტების განთავსებაზე 2023 წლის გაზაფხულის კამპანიისთვის. მკაცრად ვგმობთ ბავშვებზე ძალადობას. მხარს ვუჭერთ მათ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას". - ეწერა განცხადებაში.

25 ნოემბერს Balenciaga-მ ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია North Six-ისა და იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც კამპანიისთვის გადასაღები ადგილი მოაწყო. მოდის სახლი 25 მილიონ დოლარს ითხოვს.

მიუხედავად გამოქვეყნებული განცხადებებისას მოდის სახლის მიმართ კრიტიკა არ შემსუბუქებულა, რასაც 28 ნოემბერს Balenciaga კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში წერია, რომ კამპანია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს სათამაშო დათვის ხელჩანთები ეჭირათ მხოლოდ და მხოლოდ Balenciaga-ს პასუხისმგებლობა იყო და ეს გახლდათ "არასწორი არჩევანი" მოდის სახლის მიერ. რაც შეეხება კამპანია GARDE-ROBE-ს - მოდის სახლი წერს, რომ ყველა ნივთი, რაც ფოტოებში ჩანს მომზადებული იყო "მესამე პირების" მიერ.

"მეორე, 2023 წლის გაზაფხულის კამპანია, რომლის მიზანიც იყო შეექმნა საოფისე სიტუაცია, შეიცავდა ფოტოს, სადაც ჩანდა 2008 წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "აშშ უილიამსის წინააღმდეგ". ყველა ნივთი, რაც კამპანიაში მოხვდა, მესამე პირების მიერ იყო მოწოდებული და ისინი წერილობით ადასტურებდნენ, რომ [დოკუმენტები] ყალბი იყო. დოკუმენტები ნამდვილი აღმოჩნდა და სავარაუდოდ, ისინი ფილმის ან სატელევიზიო სერიალის გადაღებებიდან ჩვენთან მოიტანეს. Balenciaga-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ნაკლები წინდახედულობის გამოჩენისთვის და დოკუმენტების არასაკმარისად გაკონტროლებისთვის". - წერს მოდის სახლი.

DEMNA-ს საპატიო ჯილდოს აღარ გადასცემენ

Balenciaga-ს კამპანიებს განცხადებით გამოეხმაურა გამოცემა Bussines of fashion, რომლის მიხედვითაც ისინი მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელს DEMNA-ს მოდაზე მოხდენილი გავლენისთვის განკუთვნილ საპატიო ჯილდოს აღარ გადასცემენ.

გამოცემა წერს, რომ მათთვის ბავშვთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და DEMNA-ს Global VOICES Award აღარ გადაეცემა.

"მსგავსად ბევრისა, ჩვენც ვეძებთ სიმართლეს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხვდნენ ბავშვები BDSM-ით შთაგონებული ნივთებით კამპანიის სურათებში, რაც არის სრულიად შეუთავსებელი ჩვენს ღირებულებებთან. შედეგად, მიმდინარე წელს DEMNA-ს ჯილდოს აღარ გადავცემთ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ შევთავაზეთ Balenciaga-ს ხელმძღვანელობას დასწრებოდნენ დაჯილდოებას, რათა აეღოთ პასუხისმგებლობა ამ სურათების გამოქვეყნებისთვის და გაეკეთებინათ განმარტება. მათ უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე და ამ საკითხზე ახლა საუბარზე, თუმცა BOF რჩება ღია ამ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის".

კომენტარები