მიხეილ სააკაშვილი

"ივლისში ანტი-LGBT დემონსტრანტებმა აიძულეს გაეუქმებინათ ღირსების მარში"– სააკაშვილის წერილი

Georgian Journal

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი – აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს გამოცემა POLITICO-ში გამოქვეყნდა

სტატიაში ყოფილი პრეზიდენტი მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში, ოპოზიციის რეპრესიასა და სხვა არადემოკრატიულ მოქმედებებში ადანაშაულებს და ერთ-ერთ მაგალითად, ივლისში, პუტინისტი ჯგუფების ძალადობრივ დემონტრაციებს და TBILISI PIRDE-ს მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშის ჩაშლას ასახელებს. 

"ივლისში თბილისში ძალადობრივი, ანტი-ლგბტ დემონსტრანტები თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, აიძულეს გაეუქმებინათ ღირსების მარში, [თავდასხმამ] საბოლოოდ ოპერატორის სიკვდილი გამოიწვია. აქტივისტები საქართველოს მთავრობას ჟურნალისტების და ლგბტ თემის წინააღმდეგ მუქარაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ".- ვკითხულობთ მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის ივლისში განვითარებულ მოვლენებზე წერდა, რომ 5 ივლისს პარლამენტის წინ პუტინისტური ჯგუფების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების კარვების დარბევისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ძალადობრივ ჯუფებს.

"პასუხი იმაზე, თუ ვინ გამოაგზავნა ორკები პარლამენტის წინ.

ფაქტია, რომ სუს-ი მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ამ ორკებს და ორივე იყო ერთი და იმავე სცენარის ნაწილი – სიმართლე უნდა იყოს ღიად ნათქვამი, რომ იაფფასიანი რუსული "ტრიუკი" გამოგვიგდეს". – წერდა სააკაშვილი.

საგულისხმოა, რომ LGBTQ თემის წარმომადგენელები 2013 წლის 17 მაისსაც დაარბიეს.  ტაბულას ჟურნალისტმა იმჟამინდელ პრეზიდენტს მოვლენების შეფასება სთხოვა, რაზეც სააკაშვილმა თქვა: 

"სხვა საკითხია თვითონ ის პატარა ჯგუფი, რომელიც იქ მართავდა რაღაც აქციას. ყველას აქვს უფლება აქციის გამართვის, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ეს ცალკე თემაა და მე ამას არ ვეხები".- თქვა სააკაშვილმა 2013 წელს. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

 

 

კომენტარები