მიხეილ სააკაშვილი

ექიმი: სააკაშვილს უნდა მიეცეს ციხის გარეთ, თავისუფლად, ბადრაგის გარეშე მკურნალობის უფლება

Interpressnews.ge

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, სააკაშვილს ციხის გარეთ, ბადრაგის თანხლების გარეშე, თავისუფლად მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

"ჩემი აზრით, ასეთ ავადმყოფის მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, იქნება ციხის საავადმყოფო თუ ასე შემდეგ, შეუძლებელია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, რამდენი – ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, ოთხი თვე. ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება, კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება, საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას მივცემდი, თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ასე შემდეგ. არის რაღაც გზები, ალბათ, იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. მე იურისტი არ ვარ, მე არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ვარ. ეს ჩემი გულწრფელი აზრია.

ახლა ვუმკურნალებთ, გახდება კარგად ერთი კვირის მერე, მერე დავაბრუნებთ ციხეში, მერე ციხეში ისევ ავად გახდება, ისევ უნდა დავაბრუნოთ და მთელი ქვეყანა უნდა იყოს სტრესის ქვეშ. მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს უმკურნალე, აქ არის სტრესი, აქ არის ნერვიული მდგომარეობა, ბევრი პრობლემაა, ჩემი აზრი ასეთია. ეს განცხადება, რასაც ახლა ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება". – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები