მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე: გორის ჰოსპიტალზე სააკაშვილის პოზიცია იყო, რომ გაიზიარებდა ექიმების რჩევებს

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ჰკითხა, რას ფიქრობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ნაწილში გაიზიარებს ექიმების რეკომენდაციას. 

"მე გულწრფელად არ ვიცი, ახლა რა პოზიცია აქვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, მისი მოსაზრებაც იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექიმები თვლიან, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის კარგი, შეესაბამება სტანდარტებს, იგი გაიზიარებს სახალხო დამცველის ექსპერტებისა და პირადი ექიმის რეკომენდაციებს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ როგორც ნევროპათოლოგმა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თავის ტვინის გადაღება MrT-თი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ. ეს არის ახლა ჩვენი ინფორმაცია". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დეპუტატის თქმით, მან დაზუსტებით არ იცის, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს დღესვე მოხდება. 

"თქვენ იცით, რომ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო დაწესებულებასთან აქციას არ გავმართავთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ის, რომ არავითარი პროვოკაცია იქ არ იყოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და გვქონდეს ყველანაირი ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით". – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა პოზიცია ექნებათ ექსპრეზიდენტს, მის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს. 

18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტვინის დიაგნოსტირებას ვერ უკეთებენ, რადგან გლდანის N18 დაწესებულებაში შესაბამისი აპარატი არ აქვთ. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 50-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები