მიხეილ სააკაშვილი

"დაწესებულება ვერ უმკურნალებს სააკაშვილივით კრიტიკულ პაციენტს" – ექიმთა ჯგუფის დასკვნა

Georgian Journal

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთი ექიმის თქმით, გლდანის N18 დაწესებულების ციხის საავადმყოფოში, სადაც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარგად არის აღჭურვილი, თუმცა, ეს დაწესებულება არ არის მზად, ისეთ კრიტიკულ პაციენტს გაუწიოს მკურნალობა, როგორიც სააკაშვილია. 

"დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის, ორი კვირის წინ არის გახსნილი სპეციალური რეანიმაციული ოთახი, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, გადმოყვანილი არის მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან, ყოველდღე მორიგეობს ერთი ექიმი ზოგადი პროფილის, ან თერაპევტი, ან ქირურგი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი რეანიმაციის განყოფილებაში. ანუ, სულ გადმოყვანილია 5 რეანიმატოლოგი, 1 დღის და 4 ღამის. აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ვთვლით, რომ ეს დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა". - ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მისივე თქმით, ის საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას, რადგან, ის არ წყვეტს შიმშილობას. 

"სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული. ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი, მაგრამ ის არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, ვინაიდან, ის არ წყვეტს შიმშილს. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, რადგან 48 დღე არის ძალიან კრიტიკული ზღვარი. ყველა პაციენტს საწყისი მდგომარეობა აქვს სხვადასხვანაირი, ზოგი პაციენტი უძლებს 40 დღიან შიმშილს, ზოგი ვერ უძლებს. 

მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც მოიცავს ძალიან ინტენსიურ სითხეების გადასხმას, ელექტორიტების ბალანსს, ვიტამინების მიღებას, მინერალიის მიღებას, ვინაიდან, ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას. ყველაფერი ეს არ კეთდება". - ამბობს გრიგოლია. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები