მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Georgian Journal

გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ექიმის სანდრო მათეშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, სააკაშვილი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას და მის სიცოცხლეს დღეის მდგომარეობით, საფრთხე არ ემუქრება. 

"იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული ცვლილებები, გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. 

დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის წონა, ნორმის ფარგლებშია. პაციენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". - ამბობს ექიმი. 

16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მოინახულა. ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს, 17 ნოემბერს გახდება ცნობილი.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები