მიხეილ სააკაშვილი

ციხის მთავარი ექიმი: სიცრუეა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის, მანანა ელეფტეროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესების შესახებ სიცრუეა და არც N18 დაწესებულება გამოცხადებულა წითელ ზონად.

"მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარებს სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

რაც შეეხება, სხვადასხვა გავრცელებულ ინფორმაციას ტელევიზიების მხრიდან, რომ თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ N18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცურეა და სიმართლეს არ შეესაბამება", - ამბობს მანანა ელეფტეროვა.

დღეს აშშ-ში მომუშავე ექიმებმა, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ღია წერილით მიმართეს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში შევიდა და სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ექიმების თანახმად, სააკაშვილს აღენიშნება რიგი სერიოზული ობიექტური სიმპტომები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შექმნას სიცოცხლისათვის სახიფათო, ლეტალური გართულება

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები