მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: მოგმართავთ ექიმებს, გამოიჩინეთ ინიციატივა და მოითხოვეთ სააკაშვილის მონახულება

ელენე ხოშტარია
კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე მე-12 დღეა შიმშილობს, ექიმებს მიმართავს, გამოიჩინონ ინიციატივა და ჩაერთოდ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. 

მისი თქმით, ცნობები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო საათებია ვრცელდება, საგანგაშოა. ის მიმართავს ექიმებს, ნუ დაელოდებიან პენიტენციური სამსახურის მითითებას და მოითხოვონ სააკაშვილთან შესვლა. 

"სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ჩიხური მდგომარეობა, ჩვენ პრაკტიკულად არ ვიცით და ალაგ-ალაგ, სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომლებიც გამოდის ბოლო დღეებში და ბოლო საათებში, არის ძალიან საგანგაშო, ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული, რომ ის ვერ დგება, მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა, კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშნავს გულის პრობლემებს. ეს დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება, ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის ციხე, სადაც მისი მკურნალობის კითხვისნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური. 

სახელმწიფო არ იცავს სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. კონკრეტულად ასევე იმ ექიმებს, ვინც შედიოდნენ კონსილიუმში და აქვთ ინსტიტუციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში. 

ძალიან დიდი პატივისცემით, ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი - მინდა მივმართო ძალიან დიდი პატივისცემით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური ინსტიტუტიდან დღეს მოთხოვნა თქვენს შესვლასთან დაკავშირებით, იქნებ თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას. 

ბატონი გიორგი გოცაძე, ასევე ძალიან დიდი პატივისცემით, კრიტიკული მედიცინის ექიმი, იგივე თხოვნა მაქვს, მე მესმის და არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი თქვენს პროფესიულ ეთიკაში და პროფესიონალიზმში, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც ასევე შიმშილობს მეთორმეტე დღეა და ღელავს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი შფოთვა და მღელვარება. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ ბატონ სააკაშვილთან შესვლა. ქალბატონი ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგი, ასევე კონსილიუმის წევრი, მაქვს იგივე თხოვნა. ქალბატონი ნინო შარაშენიძე, ასევე დიდი მოწიწებით და პატივისცემით. 

კიდევ ერთხელ, ვიხდი ბოდიშს, რომ მე ვერევი სხვა პროფესიის და ინსტიტუტების საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მე მამოძრავებს, ეს არის საზოგადოებრივი გარკვეული სიცხადის შემოტანა, რაც იქნება საფუძველი გარკვეული სიმშვიდის, რომ ვიცოდეთ რა ხდება და ვიმოქმედოთ შესაბამისად. დღეს, გლდანის ციხის განცხადებები და პირობები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს". - ამბობს ხოშტარია. 

მისივე თქმით, ის აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

"მე კი ძალიან პრინციპულად, მყარად, მხნედ და შეუპოვრად ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში". - ამბობს ხოშტარია. 


მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები